2020 წლის 20 ნოემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა და „ფრონტლაინ ჯორჯია ქლაბმა“ გამართეს დისკუსია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ ბოლოს დროს განვითარებული მოვლენების შესახებ. განხილვის მთავარი თემა იყო შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და ახლადწარმოქმნილი რისკები და შესაძლებლობები საქართველოს ეროვნული ინტერესების ჭრილში. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის შეცვლილ სამხედრო-პოლიტიკურ სტატუსზე, დასავლეთის ადგილსა და როლზე, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით მომავალში გათვალისწინებული სატრანსპორტო დერეფნების გავლენაზე საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე, ტურიზმის ინდუსტრიასა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის დარგის ექსპერტებმა.
ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ეგიდით გაიმართა რიგით მეორე თემატური დისკუსია პროექტის, „ვგეგმავთ ნაბიჯებს მშვიდობიანი მომავლისთვის“, ფარგლებში. პროექტი „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებას ისახავს. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი საექსპერტო ჯგუფის წევრმა ივლიანე ხაინდრავამ წარმოადგინა სპეციალურად მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი „კონფლიქტის მხარეებს შორის სოციალურ-კულტურული გაუცხოება: რამდენად სახიფათოა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგების პერსპექტივისთვის?“ დისკუსიისას ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს მხარეებს შორის სოციალურ-კულტურული გაუცხოების საშიშროების შესახებ, რომელიც შესაძლოა დროთა განმავლობაში როგორც ქართველთა და აფხაზთა, ასევე ქართველთა და ოსთა შერიგებისთვის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს. შეხვედრას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, მიხეილ მირზიაშვილი უწევდა მოდერაციას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი დისკუსიები ახლო მომავალში გაიმართება.
ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა 19 დეკემბერს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში ჩაატარა საჯარო დისკუსია თემაზე: „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“. ღონისძიება გაიმართა ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საჯარო დისკუსიის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვეულმა მკვლევარმა, ნათია ჭანკვეტაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მიმდინარე კვლევის მიზნები და ამ ეტაპისთვის არსებული შედეგები. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ექსპერტებმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. დისკუსია მიეძღვნა კონფლიქტების ტრანსფორმაციის სხვადასხვა შესაძლებლობებისა და მათი სისრულეში მოყვანის პერსპექტივების განხილვას. ექსპერტებმა ასევე ისაუბრეს შემაფერხებელ ფაქტორებზე და მათ გავლენაზე ტრანსფორმაციის პროცესზე. გააჟღერეს ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები. აღნიშნულ ღონისძიებას წინ უძღვოდა დისკუსია-სემინარები ზუგდიდში, გორსა და წეროვანში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაუზიარეს დამსწრეებს შეხედულებები, იმედები და მოლოდინები კონფლიქტის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით.