პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა - „ევროკავშირი კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობისათვის.“

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ახორციელებს პროექტს „ვგეგმავთ ნაბიჯებს მშვიდობიანი მომავლისთვის“, რომლის ფარგლებში 20 იანვარს გაიმართა მეოთხე თემატური საექსპერტო დისკუსია. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კონფლიქტის მხარეებს - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს - შორის ურთიერთობების ტრანსფორმაციის სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულ გააზრებას და საერთო ხედვის შემუშავებას. შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მეოთხე თემატური დისკუსიის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვეულმა მკვლევარმა, მიხეილ მირზიაშვილმა, წარადგინა პოლიტიკის დოკუმენტი „ევროკავშირი კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობისათვის.“ განხილულ იქნა ევროკავშირის ჩართულობა რეგიონალურ გეოპოლიტიკაში, ორგანიზაციის სტრატეგია და ამოცანები, რომელიც გავლენას ახდენს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესზე. მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა რიგი რეკომენდაციები ევროკავშირის ჩართულობის გაზრდისთვის და მოახსენა მოსალოდნელი შედეგები და გამოწვევები.
პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. ექსპერტებმა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს არსებულ გეოპოლიტიკურ არსებულ ფაქტორებზე, რაც ევროკავშირის მეტ ჩართულობაზე ახდენს გავლენას. აღინიშნა, რომ ევროკავშირი, თავისი რესურსებით, რეპუტაციითა და ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობით მნიშვნელოვანი აქტორი შეიძლება გახდეს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში.

21-01-2021