პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია - „კონფლიქტების ტრანსფორმაცია: როგორ ვმართოთ რუსეთის ფაქტორი?“

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ახორციელებს პროექტს „ვგეგმავთ ნაბიჯებს მშვიდობიანი მომავლისთვის“, რომლის ფარგლებში 16 დეკემბერს გაიმართა ონლიან საექსპერტო დისკუსია. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კონფლიქტის მხარეებს - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს - შორის ურთიერთობების ტრანსფორმაციის სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულ გააზრებას და საერთო ხედვის შემუშავებას. შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მესამე თემატური დისკუსიის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვეულმა მკვლევარმა, პაატა ზაქარეიშვილმა, წარადგინა პოლიტიკის დოკუმენტი „კონფლიქტების ტრანსფორმაცია: როგორ ვმართოთ რუსეთის ფაქტორი?“ განხილულ იქნა რუსეთის მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რეგიონალური სტრატეგია, ამოცანები და ინტერესები, რომელიც გავლენას ახდენს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესზე.
პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. ექსპერტებმა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშემწყობ ან/და ხელშემშლელ ფაქტორებზე, რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე და კონფლიქტების დარეგულირების სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრის მსვლელობას მოდერაცია გაუწია ლევან გერაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების კვლევითი ცენტრის დირექტორმა. ხსენებულ საკითხებზე მორიგი დისკუსია ახლო მომავალში გაიმართება.

17-12-2020