ლევან მიქელაძე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილია როგორც ქართველი დიპლომატი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე. იგი დაიბადა ქ.თბილისში, 1957 წელს, ინტელიგენტი მშობლების ოჯახში. მომავალი პროფესიისადმი ინტერესი ლევანს ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს აღეძრა, როდესაც 1973-1978 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფის სპეციალობას ეუფლებოდა. ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობისა და კულტურის ისევე, როგორც გეოგრაფიისა და ეკონომიკის შესწავლა ლევანს განსაკუთრებით იტაცებდა. რეგიონისადმი ინტერესს დამატებით აღვივებდა სპარსული ენის სწავლის შესაძლებლობაც, რაც ლევანმა თავისი ნიჭიერებით და ჩვეული შრომისმოყვარეობით შესანიშნავად გამოიყენა.
საფუძვლიანი საუნივერსიტეტო განათლება ლევანს წარმატებული სამეცნიერო კარიერის დაწყებაში დაეხმარა. 1978-1992წწ. იგი იყო გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1989-1992წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწათშემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი. აღსანიშნავია, რომ აპ პერიოდში, კერძოდ 1979-1980წწ., ლევან მიქელაძეს ავღანეთში მივლინებით ყოფნა მოუწია, ხოლო 1987 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ავღანეთის ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ლევან მიქელაძის პროფესიულ ასპარეზზე მნიშვნელოვანი მიჯნა აღმოჩნდა. ახლად ფეხადგმული საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილის შეტანა მისი უმთავრესი პრიორიტეტი გახდა, რამაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე გამოყენება გადააწყვეტინა. 1992 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი ევროპული სამმართველოს ხელმძღვანელად მუშაობის შემდეგ სახელმწიფო მეთაურის აპარატში ეროვნული უსაფრთხოების საგარეო პოლიტიკური უზრუნველყოფის ჯგუფში განაგრძო საქმიანობა. იმ ხანად ქვეყანაში მიმდინარე ეთნო-პოლიტიკური და სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე საქართველოსთვის საგარეო-პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერის მოპოვება ურთულესი ამოცანა იყო. ლევანი, თავისი კომპეტენციით და საქმისადმი ერთგულებით, შესანიშნავ პირად მაგალითს აძლევდა კოლეგებს, რაც ხელმძღვანელობისთვის შეუმჩნეველი არ რჩებოდა.
1994 წელს ლევანი ფულბრაიტის სტიპენდიანტი გახდა და სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში გაიარა აკადემიური სტაჟირება. პროგრამის დასრულებიდან მოკლე ხანში ლევანი ჯერ ქ. ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში უფროს მრჩევლად, ხოლო 1996 წელს ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ეუთოსა და ქ.ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ასე დაიწყო ლევან მიქელაძის აქტიური და, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, უაღრესად წარმატებული დიპლომატიური კარიერა. ბევრ სხვა მიღწევას შორის პირველ რიგში აღსანიშნავია მისი როგორც პროფესიონალი დიპლომატის პირადი წვლილი ეუთოში მიმდინარე იმ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაში, რომლის შედეგადაც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი გადაწყდა.
2002 წლიდან ლევან მიქელაძემ დიპლომატიური მოღვაწეობა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში განაგრძო. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხსენებულ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში. თუმცა, ყველაზე მთავარი, მაინც, აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება იყო, მათ შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის კუთხით. სწორედ ლევანის ელჩად მოღვაწეობის პერიოდში თვისობრივად იცვალა სახე ამ სფეროში თანამშრომლობამ, კერძოდ, 2002 წელს დაწყებულმა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამამ სათავე დაუდო ახალ ეტაპს, რომლის ფარგლებშიც დღემდე მიღწეული შედეგები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ასევე აღნიშვნის ღირსია ლევანის წვლილი „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობების მეგობრული და პარტნიორული ხასიათის განგრძობითობის უზრუნველყოფაში. ამ თვალსაზრისით, ლევანის პროფესიონალიზმი და ავტორიტეტი მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა ამერიკელი პატრნიორებისთვის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თაობაზე სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდებაში. შემთხვევითი არ იყო, რომ ცოტა ხანში მოხდა საქართველოს ჩართვა „ათასწლეულის გამოწვევის“ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში სამცხე-ჯავახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მრავალმილიონიანი პროექტი განხორციელდა.
2006 წლიდან ლევან მიქელაძე დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შვეიცარიის კონფედერაციაში და საქართველოს წარმომადგენლად ქ.ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში. მდიდარი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ლევანს ახალ ამპლუაში საქმიანობასთან დაკავშირებით დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა მოკლე ხანში, საკუთარი ნებით, მან უარი თქვა დაკავებულ თანამდებობაზე. ლევანმა ეს ნაბიჯი 2007 წლის 7 ნოემბერს საქართველოს მთავრობის მხრიდან საკუთარ მოსახლეობაზე განხორციელებულ ძალადობაზე პროტესტის ნიშნად გადადგა.
ლევან მიქელაძის მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება საქმიანობის როგორც აკადემიურ, ისე კერძო ბიზნესის სფეროში გაგრძელების ფართე არჩევანს იძლეოდა. მას ჰქონდა საინტერესო შემოთავაზებები უცხოური კომპანიებიდან. გარკვეული პერიოდი მუშაობდა კიდეც Tethys Petroleum Limited-ში, მაგრამ ლევანს საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესები უფრო აღელვებდა. მიაჩნდა, რომ სათანადო ცვლილებების გარეშე ქვეყნის წინსვლა შეფერხდებოდა. სწორედ ამ გარემოებამ გადააწყვეტინა ლევანს თანამოაზრეების ჯგუფთან ერთად საქართველოს შიდა პოლიტიკურ, გარკვეულწილად ოპოზიციურ პროცესებში აქტიური ჩაბმა. თუმცა, მისი შინაარსიანი საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა: 2009 წელს, 52 წლის ასაკში ლევან მიქელაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.
2016 წლის 4 ნოემბერს ლევან მიქელაძე ქართული დიპლომატიის განვითარების, საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა (გარდაცვალების შემდეგ).
დღეს ლევან მიქელაძის მდიდარი სამეცნიერო და დიპლომატიური მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, მისი იდეებისა და ჩანაფიქრების აღსრულებას და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას მისივე სახელობის ფონდი ახორციელებს, რომელიც 2010 წელს ლევანის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დააფუძნეს. ფონდის მმართველ ორგანოებში ლევანის ბევრი მეგობარი და კოლეგა, პროფესიულ წრეებში კარგად ცნობილი ქართველი და უცხოელი მოღვაწე საქმიანობს. ლევან მიქელაძის სახელს ატარებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი, სადაც ახალგაზრდა დიპლომატები კვალიფიკაციას იმაღლებენ. ყოველწლიურად, ლევან მიქელაძის სახელობის სტიპენდია ენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობების სტუდენტებს.