პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენა - „მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის კონფლიქტ(ებ)ის ტრანსფორმაციაზე მუშაობის ხელშემშლელი ფაქტორები და მათი აღმოფხვრის გზები.“

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ახორციელებს პროექტს „ვგეგმავთ ნაბიჯებს მშვიდობიანი მომავლისთვის“, რომლის ფარგლებში 29 სექტემბერს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა პირველი თემატური საექსპერტო დისკუსია. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კონფლიქტის მხარეებს - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს - შორის ურთიერთობების ტრანსფორმაციის სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულ გააზრებას და საერთო ხედვის შემუშავებას. შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკუთრივ საექსპერტო ჯგუფის გარდა, პროექტი მომდევნო ეტაპებზე ითვალისწინებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების ჩართულობასაც.
პირველი თემატური დისკუსიის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვეულმა მკვლევარმა, ნათია ჭანკვეტაძემ, წარადგინა პოლიტიკის დოკუმენტი „მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის კონფლიქტ(ებ)ის ტრანსფორმაციაზე მუშაობის ხელშემშლელი ფაქტორები და მათი აღმოფხვრის გზები.“ განხილულ იქნა ის საშინაო თუ საგარეო ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. ექსპერტებმა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის არსზე, არსებით ხელშემწყობ ან/და ხელშემშლელ ფაქტორებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
შეხვედრის მსვლელობას მოდერაცია გაუწია ნინო კალანდარიშვილმა, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავჯდომარემ. ხსენებულ საკითხებზე მორიგი დისკუსია ახლო მომავალში გაიმართება.

1-10-2020