„ურთიერთობების ტრანსფორმაცია საქართველოში არსებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების კონტექსტში - ექსპერტული ხედვა საქართველოდან“

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობიანი ცვლილებების ინიციატივა“ ერთობლივი ინიციატივით ჩაატარდა დისკუსია თემაზე - „ურთიერთობების ტრანსფორმაცია საქართველოში არსებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების კონტექსტში - ექსპერტული ხედვა საქართველოდან“. შეხვედრა გაიმართა 1 ნოემბერს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში. დისკუსიას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ გეგეშიძის, პრეზენტაციის შემდგომ დისკუსიას მოდერატორობა გაუწია ენტონი ფორმანმა, ბრიტანული არასამთვრობო ორგანიზაციის მთავარმა მრჩეველმა მშვიდობის შენების საკითხებში. 
დისკუსიაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- როგორ ესმის ქართულ საექსპერტო საზოგადოებას „კონფლიქტის ტრანსფორმაციის“ კონცეფცია? რა ძირითადი ელემენტებისგან შედგება ეს კონცეფცია? რა არის და რა არ არის კონფლიქტის ტრანსფორმაცია?
- რა პრაქტიკული ნაბიჯები ყოფილა წარსულში ინიცირებული სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით?
- რა იყო წარმატებული და რა იყო წარუმატებელი ამ ნაბიჯებში? რა იყო არსებითი ხელშემწყობი ან/და ხელშემშლელი ფაქტორები?
შეჯამებისას აღინიშნა, რომ ხსენებულ საკითხებზე მსჯელობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

5-11-2019