"კონფლიქტის ტრანსფორმაცია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონტექსტში: იდეიდან ქმედებამდე", კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა 15 ივლისს „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართა პროექტის „კონფლიქტის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა“ ფარგლებში შესრულებული კვლევის პრეზენტაცია. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კონფლიქტის მხარეებს - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობიანი ურთიერთობის შესაძლებლობის შესწავლას. აღნიშნული კვლევა ჩაატარა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვეულმა მკვლევარმა, ნათია ჭანკვეტაძემ.
პრეზენტაციის ფარგლებში კვლევის ავტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო კვლევის შედეგები, მიზნები და შემუშავებული რეკომენდაციები. მკვლევარმა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ისაუბრა კონფლიქტის ტრანსფორმაციის სხვადასხვა შესაძლებლობებზე და მათი სისრულეში მოყვანის პერსპექტივებზე. აღნიშნული კვლევის ფარგლებში ჩატარდა 21 ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ ქართველ ექსპერტებთან, ხოლო აფხაზმა რესპოდენტებმა შეავსეს ოცზე მეტი სტრუქტურირებული კითხვარი. კვლევის მიმდინარეობისას გაიმართა სამი დისკუსია ზუგდიდში, გორსა და წეროვანში, ასევე ჩატარდა ვიდეო-კონფერენცია ხუთ ქართველ და სამ აფხაზ ექსპერტს შორის. გარდა ამისა, თითო აფხაზმა და ოსმა ექსპერტმა მოამზადა საკვლევი პრობლემის ანალიტიკური მიმოხილვა. კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლები. აღნიშნულ დოკუმენტს გაეცნო დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შედეგების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ექსპერტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

16-07-2020