28 ივლისს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი თბილისი“ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ დასკვნითი ღონისძიება.

 

პლენარული სესია გახსნეს სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ბ-ნმა პაველ ვიზდალმა,  სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევის ცენტრის დირექტორმა, ბ-ნმა ტომაშ სტრაზაი, და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბ-ნმა არჩილ გეგეშიძემ.

 

სესია შედგებოდა ორი პანელისგან. პირველ პანელზე განიხილეს საქართველოს მომავალი ევროკავშირის ჭრილში. პანელის განმავლობაში სიტყვით გამოვიდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბ-ნი პეტრ მიკისკა და სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევის ცენტრის დირექტორი, ბ-ნი ტომაშ სტრაზაი. ასევე საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარემ, ბ-ნმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებული კონცეპტუალური დოკუმენტის „საქართველოს საგარეო კომუნიკაციის სტრატეგია: დიდი სტრატეგია და მორგებული მიდგომები“ პრეზენტაცია. მან ისაუბრა ძირითად მიგნებებზე და რეკომენდაციებზე.

 

მეორე პანელი დაეთმო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგოეფექტურობისა,  განახლებადი ენერგეტიკის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების  დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ქ-ნმა მარიამ დარჩიამ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკვანძო საკითხებზე. ანალიტიკური ცენტრის - „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“-  ექსპერტმა ენერგეტიკის დარგში, ქ-ნმა ნატალია შათირიშვილმა ისაუბრა მის კოლეგასთან, ბ-ნი გიორგი მუხიგულიშვილთან ერთად შემუშავებულ კონცეპტუალურ დოკუმენტზე „ ენერგეტიკული უსაფრთხოების რაოდენობრივი შეფასება ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩო.“ დოკუმენტი მომზადდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში და მის მომზადებაში წვლილი შეიტანეს სლოვაკმა ექსპერტებმა ენერგეტიკის დარგში - ქ-ნმა ვერონიკა ორავცოვამ და ბ-ნმა ალექსანდერ დულებამ.

 

სესიას მოდერაციას უწევდა ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენელი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი სფეროს ექსპერტები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების თანამშრომლები.

 

პროექტი განხორციელდა სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობითა და SlovakAid-ისა და ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ანონსი