ლევან მიქელაძის სახელობის პრემია (შემდგომში „პრემია“) დაწესებულია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის (შემდგომში „ფონდი“) მიერ და გაიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობების საბაკალავრო პროგრამაში მონაწილე წარჩინებულ სტუდენტებზე, რომელთა GPA არის არანაკლებ 3.0. აკადემიური წლის განმავლობაში ფონდი, როგორც წესი, ორ პრემიას გასცემს - თითო პრემიას ხსენებული სპეციალობების თითო სტუდენტისთვის. პრემია განისაზღვრება 1000 ლარით.


პრემიის გაცემისას ფონდი ყუდარღებას მიაქცევს სტუდენტის აკადემიური წერისა და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევებს. ამ მიზნით ფონდი აკადემიური წლის მეორე სემესტრში აცხადებს კონკურსს არგუმენტირებული ესეს წერაში და კვლევის შედეგების პრეზენტაციაში. თითოეულ სტუდენტს, სურვილისამებრ, შეუძლია წარმოადგინოს ერთი ან მეტი ნაშრომი. ნაშრომები, რომლებიც უპასუხებენ სათანადო აკადემიურ მოთხოვნებს, განთავსდება ფონდის ვებგვერდზე და, შესაბამისად, ავტორს ჩაეთვლება პუბლიკაციად. სემესტრის ბოლოს ფონდის დირექტორისა და ხსენებული მიმართულებების ხელმძღვანელებით დაკომპლექტებული კომისია წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების საფუძველზე ყველა წარმოდგენილი ნაშრომიდან შეარჩევს თითო საუკეთესო ესეს ორივე სპეციალობის მიხედვით და ავტორებს გაუწევს რეკომენდაციას შემდგომი პრეზენტაციისთვის.


ივნისის შუა რიცხვებში საუკეთესო ესეს ავტორები ფონდის გამგეობისა და მოწვეული ექსპერტების წინაშე საკუთარი ნაშრომების პრეზენტაციით წარსდგებიან. პრეზენტაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში ავტორებს გადაეცემათ პრემია და შესაბამისი სერტიფიკატი.