Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) კვლევით ცენტრთან  თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს  SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.”

 

პროექტის ფარგლებში 10 აგვისტოს, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე  ექსპერტთა ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტები. ქართველმა ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოში  არსებულ ენერგოუსაფრთხოების შეფასების ინდიკატორებზე, ხოლო სლოვაკმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო სლოვაკეთსა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში არსებული შეფასების ინდიკატორები.

 

პრეზენტაციების შემდეგ  გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქ-ნმა მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და  ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა.

მომდევნო შეხვედრებზე  ექსპერტები ისაუბრებენ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, და შეაფასებენ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ასევე, სლოვაკ ექსპერტებთან ერთად ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.

10-08-2021