გარდაიცვალა მრჩეველთა საბჭოს წევრი ბატონი ფრენკ გრენკე

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი მწუხარებით იუწყება, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ფონდის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი ბატონი ფრენკ გრენკე.

 

ფრენკ გრენკე ცნობილი ნავთობის მაგნატისა და ფილანტროპისტის ოჯახში დაიბადა. ოჯახის ამ ტრადიციას იგი სიყვარულითა და ღირსებით აგრძელებდა. 1990-იან წლებში მამასა და ძმასთან ერთად ფ.გრენკემ ერთერთმა პირველმა დაიწყო საქართველოში ბენზოგასამართი სადგურების ქსელის მშენებლობა. იმ რთულ წლებში არასტაბილურ გარემოში ამგვარი ინვესტიცია დიდ გამბედაობას მოითხოვდა. თავად საქართველოსთვის კი ადრეული ამერიკული ინვესტიციები საკუთრივ ეკონომიკურის გარდა, პოლიტიკურ დარტვისთვასაც ატარებდა.

 

წლების განმავლობაში ფ.გრენკე საქართველოსადმი სიყვარულით განიმსჭვალა. მისმა ურიცხვი საქველმოქმედო პროექტებმა ძალიან ბევრს გაუმართა ხელი განათლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მისი კეთილშობილების ბოლოდროინდელი გამორჩეული მაგალითია თბილისში დამანგრეველი წყალდიდობის დროს დაზარალებულთათვის სახსრების მოზიდვის კამპანია.

 

წლების განმავლობაში ფ.გრენკე კალიფორნიაში საქართველოს საპატიო კონსულის მოვალეობას ასრულებდა. მისი მოღვაწეობის დროს არაერთი პროექტი დაფინანსდა, რომელიც აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე საქართველოს ინტერესებსა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ამ პროექტებმა მნიშვნელოვნად აამაღლეს საქართველოს ცნობადობა ამერიკაში. რომ არა ბატონი გრენკეს უდროო გარდაცვალება, იგი კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა საქართველოსა და ქართულ-ამერიკული მეგობრობის გასაძლიერებლად.

 

ჩვენ ვუსამძიმრებთ ბატონ ფ.გრენკეს ოჯახსა და მეგობრებს, მათ შორის საქართველოში, სადაც მისი სახელი დიდხანს ემახსოვრებათ.

13-05-2019