პროექტის "საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა" დახურვა

2018 წლის 13 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ შემაჯამებელი კონფერენცია.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი-არჩილ გეგეშიძე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი-ქეთი ხუციშვილი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი - სამხრეთ კავკასიის დირექტორი-ფელიქს ჰეტი.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 5 სამუშაო შეხვედრა თბილისში, სადაც სპეციალურად მოწვეული უცხოელი ექსპერტები (უნგრეთიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან) იღებდნენ მონაწილეობას: გერგელი რომშიცი, უნგრეთის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაჭრობის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ასოცირებული თანამშრომელი; ვიტ დოსტალი, ჩეხეთის საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაციის (AMO) კვლევითი ცენტრის დირექტორი; ვლადიმირ ბილჩიკი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის (SFPA) ევროპული კვლევების პროგრამის ხელმძღვანელი; ადამ რაიხარდტი, პოლონეთის „ახალი აღმოსავლეთ ევროპის“ მთავარი რედაქტორი;  მაია ბობიჩი, ევროპული მოძრაობა სერბეთის ვიცე-პრეზიდენტი; მომჩილო რადულოვიჩი, ევროპული მოძრაობა მონტენეგროს პრეზიდენტი.


13 დეკემბრის კონფერენციის მიზანი გახლდათ ხსენებული ქვეყნების ევროკავშირის წევრობის გზაზე მიღებული გამოცდილების შესწავლის პროცესის შეჯამება და ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის.

შეხვედრაზე თითოეული ექსპერტი გამოვიდა სიტყვით და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხა.

კონფერენციაზე არჩილ გეგეშიძემ წარმოადგინა მის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი სათაურით „საქართველოს ევროპული პერსპექტივა: როგორ დავიახლოვოთ მომავალი“.

შემაჯამებელ ღონისძიებაზე დაანონსდა პროექტის ფარგლებში დაბეჭდილი პუბლიკაციის შესახებ, ინგლისურ და ქართულ ენებზე, სადაც თავმოყრილია ექსპერტთა ნაშრომები.

(პუბლიკაცის ონლაინ ვერსია შეგიძლიათ იხილოთ : http://mikeladzefoundation.org/publications/).

 

 

კონფერენციას ესწრებოდნენ დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი გახლდათ ”ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი“, „ფრიდრიხ ებერტის ფონდი - საქართველო“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.

 

13-12-2018