მრგვალი მაგიდის დისკუსია: ‘გაწევრიანების დაპირება: არის თუ არა ევროკავშირი მზად, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირში წევრობის პოტენციური კანდიდატის სტატუსი?’

სამშაბათს, 13 თებერვალს, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდის დისკუსია, რომლის მიზანი იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასება. მთავარი სადისკუსიო საკითხი გახლდათ: როგორია ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორებისა და პროცესების გავლენა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივაზე? აღნიშნულ დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს იყო პირველი ღონისძიება პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ვიშეგადის საერთაშორისო ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი და ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. შემდგომი დისკუსიები დაეთმობა საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის მზაობის განხილვას, ასევე ვიშეგრადისა და ბალკანეთის ცალკეული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.

14-02-2018