პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან

ამა წლის 23 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან. 
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რაიონის მუსლიმი სასულიერი ლიდერები - დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, შუახევის მუფთი ასლან შარაშიძე, ხულოს მუფთი ასლან აბაშიძე, აჭარის რაიონის იმამები და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: ზურაბ მოდებაძე - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და DCFTA-ს თაობაზე საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის www.eugeorgia.info - ს მკვლევარი, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით და მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. შეხვედრას მოდერაცია გაუწია ჟურნალისტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
ღონისძიებაზე ისაუბრეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) არსსა და სარგებელზე, DCFTA- ით გათვალისწინებულ შესაძლებლობებსა და უპირატესობებზე, ასევე განიხილეს რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ევროპული მოდელები.

პროექტი "ასწავლე მაცნეს" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით

23-10-2017