საჯარო ლექცია: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და საქართველოს ეკონომიკური დიპლომატია“

22 დეკემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა საჯარო ლექცია: „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და საქართველოს ეკონომიკური დიპლომატია“. ლექცია წაიკითხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა მიხეილ ჯანელიძემ. მან ისაუბრა DCFTA-ს მნიშვნელობაზე, სტრუქტურაზე, შინაარსსა და იმ რთულ და გრძელ გზაზე, რომლის წარმატებით გავლის შედეგად საქართველოს მიეცა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეალიზაციის შესაძლებლობა. მან აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება არის, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკური ხასიათის მატარებელი, რაც მომავალში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს. საუბარი ასევე შეეხო იმ პრინციპებს, რომლებსაც ემყარება ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატია და სავაჭრო პოლიტიკა; მათი პრაქტიკაში რეალიზება ხდება, როგორც საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ცვლილებების, ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეგიონული პროექტების სახით. დამსწრე საზოგადოებამ ყველა დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო. 
ლექცია გაიმართა პროექტის „საჯარო ლექციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ეროვნული უსაფრთხოების სირთულეებზე“ ფარგლებში, რომლის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის „ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიური სწავლების ცენტრი“-ს მხარდაჭერით.
დიდი მადლობა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს თანამშრომლობისთვის.

22-12-2015