29 დეკემბერს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი და მისი ხელმძღვანელი, დავით ზალკალიანი, აბანოთუბანში დახვდნენ და უმასპინძლეს პანკისიდან ჩამოსულ 25 ბავშვს.
პანკისის ხეობის მოსახლეობა რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. პანკისელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არ არიან სრულყოფილად ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამ ტენდენციის პრევენციისთვის, აუცილებელია მათ უფრო მეტი ყურადღება მიქცეს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ზემოთ აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება.
პროგრამაში შედიოდა კულტურულ-საგანმანათლებლო ტური თბილისში. ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მოინახულეს ძველი თბილისი, მშვიდობის ხიდი, ანჩისხატი, სიონის ტაძარი, ჯუმა მეჩეთი, ძველი სტამბა და სხვა ღირშესანიშნავი ადგილები.
თბილისის ტურის შემდეგ, ფონდმა უმასპინძლა ბავშვებს Wendy’s რესტორანში. მომდევნო ღონისძიება დაეთმო საახალწლო ფილმის ჩვენებას კინოთეატრ „რუსთაველში“. პანკისში გამგზავრების წინ ბავშვებმა დაათვალიერეს საახალწლოდ მორთული ღამის თბილისი.
ღონისძიებას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ამერიკაში დაფუძნებული ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიური სწავლების ცენტრმა. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი მადლობას უხდის კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს, რომელმაც დახმარება გაგვიწია ბავშვების შერჩევაში.