ხუთშაბათს, 19 მაისს, 2016, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების განვითარება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ ღონისძიებებში, მუნიციპალიტეტების თანამშრომლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის მიმართულებით და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შეხვედრები ჩატარდა ქართულ ენაზე, რომლის თარგმანი უზრუნველყოფილი იყო სომხურ ენაზე, ვინაიდან დამსწრეთა უმეტესობას ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა წარმოადგენდა.
შეხვედრაზე მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - ეკატერინე ხოსიტაშვილი, და თორნიკე ნოზაძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი.
საინტერესო დისკუსია შედგა ვიზა ლიბერალიზაციის, ‘ღრმა და ყოვლისცმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA)’ და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. შეხვედრა ასევე შეეხო ასოცირების ხელშეკრულების მითებსა და რეალობას, რუსულ პროპაგანდასა და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
პროექტი ხორციელდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“-თან თანამშრომლობითა და ფინანსური ხელშეწყობით.