12 ივლისს, სასტუმრო „ამბასადორში“ , ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ფარგლებში, გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო პირებთან.
აღნიშნულ შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს ლევან მიქელაძის ფონდის განვითარების პროგრამის დირექტორმა ქნ-მა ეკატერინე ბარამიძემ, სრულიად საქართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა და ამიერკავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა საქართველოში აივას მარდანოვმა.
ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ: ვანო ჩხიკვაძე - ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, ვახუშტი მენაბდე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, ირაკლი ტაბლიაშვილი - პოლიტიკური მიმომხილველი საზოგადოებრივი მაუწყებელზე და ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით.
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაზე, ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულებების არსსა და მიზნებზე და ნატოსთან თანამშრომლობის ამოცანებზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ისეთ თემებზე , როგორებიცაა : რელიგიური თავისუფლება და ევროპული სასამართლო , რელიგიური უმცირესობათა უფლებების დაცვის ევროპული მექანიზმები და კულტურული, ოჯახური და საზოგადოების ღირებულებები მრავალეთნიკურ ევროკავშირის ქვეყნებში.
პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე.
პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.