სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან

 29 ივლისს 15:30 – 17:30 საათზე ქ.მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ფარგლებში, გამართა სასწავლო შეხვედრა ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან. 
აღნიშნულ ღონისძიებაში მოხსენება გააკეთეს ვანო ჩხიკვაძემ, ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო და ვახუშტი მენაბდემ , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით.
შეხვერდაზე გაიმართა დისკუსია ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებასა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებებზე საქართველოში. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ისეთ თემებზე , როგორებიცაა : ასოცირების დღის წესრიგი, მონიტორინგის მექანიზმები, ეროვნული სამოქმედო გეგმა, სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში და რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების წესი. 
პროექტის „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე.
პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

29-07-2016