26 ოქტომბერს, ქ. ახალციხეში, სასტუმრო „რაბატში“, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ პროექტის “ ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები” ფარგლებში გამართა რიგით პირველი სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე სასულიერო ლიდერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე მღვდლები.შეხვედრა გაიმართა რუსულ ენაზე.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები: ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით, გიორგი ჩიტაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA-ს იმპლემენტაციის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი და ქეთევან აბაშიძე - ადამიანის უფლებათა სახლების ქსელის რეგიონალური კოორდინატორი. შეხვედრას უძღვებოდა ბ-ნი ირაკლი ტაბლიაშვილი - პოლიტიკური მიმომხილველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს კავკასიაში, კერძოდ საქართველოში ევროპული ინტეგრაციის ისტორიაზე და განიხილეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). საინტერესო დისკუსია შედგა რელიგიური უმცირესობათა უფლებების დაცვის ევროპულ მექანიზმებზე.
მონაწილეებს დაურიგდათ „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“-ს ექსპერტების მიერ ზემოთ აღნიშნულ თემებზე მომზადებული საინფორმაციო მასალები ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე.
პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“, მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.