ამა წლის 2 აგვისტოს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა აჭარის რელიგიურ უმცირესობებთან.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რაიონის მუსლიმი სასულიერი ლიდერები - დასავლეთ საქართვლოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, შუახევისა და სოფელ თხილვანას მუფტები, აჭარის რაიონის იმამები, მქადაგებლები, მედრესეს მასწავლებლები. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, ხულოს მუფტმა ასლან აბაშიძემ ვერ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ: ეკატერინე ბარამიძე - ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის განვითარების პროგრამის დირექტორი, ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან-მონეს სახელობის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით და მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. ღონისძიებაზე ისაუბრეს ასოცირების შესახებ შეთანხმების არსსა და სარგებელზე და განიხილეს რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ევროპული მოდელები.
ასევე, იმავე დღეს, "ასწავლე მაცნეს" გუნდმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ხულოს მუსლიმთა მეჯლისსა და ხულოში მოქმედ ვაჟთა და გოგონათა მედრესეებში. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა მედრესეების ბიბლიოთეკას ბავშვებისათვის გადასცა საბავშო ლიტერატურა ევროკავშირის შესახებ.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.