9 ივნისს ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბატში“, პროექტის „ასწავლე მაცნეს" ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა სასწავლო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რელიგიურ უმცირესობებთან. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრნენ სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის კათოლიკე სასულიერო პირები, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის მღვდლები და მათი მრევლი. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწვეული ექსპერტები : ოლივერ რაისნერი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯან-მონეს სახელობის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით, ქეთევან აბაშიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალსა და ევროკავშირის სამართალში და მიხეილ მირზიაშვილი - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე. ღონისძიებაზე ისაუბრეს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და უვიზო მიმოსვლის წესებსა და პროცედურებზე. განიხილეს საკულტო ნაგებობების, რელიგიის სწავლებისა და განათლების გამოწვევები. ასევე მონაწილეებბი გაეცნენ რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ევროპული მოდელებს. შეხვედრა ჩატარდა რუსულ ენაზე. 2017 წლის 15 მაისიდან ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს 12-თვიან პროექტს - " ასწავლე მაცნეს". პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით.