პროექტის, „ასწავლე მაცნეს - ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ შემაჯამებელი კონფერენცია

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნმა არჩილ გეგეშიძემ და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ ქ-ნმა ფლორ ნუიტენ-ელზინგამ.
ქვემო ქართლის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე ისაუბრა სრულიად საქართველოს შეიხმა ჰაჯი რამინ იგიდოვმა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე მღვდლებთან შეხვედრები შეაფასა - არქიმანდრიტმა ანატოლი ივანიუკმა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე პროექტის სასწავლო შეხვედრების შედეგები და გამოწვევევი განიხილეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ მოწევულმა ექსპერტებმა: ვანო ჩხიკვაძემ - ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი- ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, ვახუშტი მენაბდემ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით, ქეთევან აბაშიძემ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული
ლექტორი ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალსა და ევროკავშირის სამართალში და ოლივერ რაისნერმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ევროპისმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის მიმართულებით.

შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრნენ ქვემო ქართლში მოღვაწე მუსლიმი სასულიერო ლიდერები, სამცხე-ჯავახეთის ლათინური და სომხური რიტუსის მღვდლები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
პროექტის ფარგლებში ევროკავშირზე, ევროკავშირის ფასეულობებსა და ადამიანის უფლებებზე ჩატარდა სასწავლო შეხვედრები ქვემო ქართლის მუსლიმი სასულიერო პირებისათვის და სამცხე-ჯავახეთში მოღვაწე კათოლიკე მღვდლებისათვის.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სულიერი ლიდერების ცნობიერების ამაღლება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე.
პროექტი განხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

30-01-2017