Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით პირველი შეხვედრა.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევით ცენტრთან (SFPA) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში.“ ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს SlovakAid და „ფრიდრიხ ებერტის ფონდი.” პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს პირდაპირი, გამჭირვალე და ღია დიალოგის წარმოებას სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, მათ უზრუნველყოფას სხვადასხვა დარგის ექსპერტების დასკვნებითა და უკუკავშირით. სასურველი შედეგის მისაღებად ჩამოყალიბდა სამი სამუშაო ჯგუფი შემდეგ მიმართულებებით: ენერგეტიკული უსაფრთხოება, საგარეო კომუნიკაციების სტრატეგია და ახალგაზრდული პოლიტიკა.
ამ მიზნით, 11 ივნისის, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის რიგით პირველი შეხვედრა. მას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გეგეშიძემ და სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრის პროექტების მენეჯერმა პიტერ ბრეზანმა.
შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი და სლოვაკი ექსპერტების მიერ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული დოკუმენტები. პროექტის პირველ ეტაპზე ექსპერტებმა ისაუბრეს საქართველოსა და სლოვაკეთში არსებული ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის არსზე, და გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას ქვეყნების მიერ დაგროვილი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია. შეხვედრას მოდერაცია გაუწიეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ენერგეტიკული რეფორმებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქ-ნმა მარგალიტა არაბიძემ და ანალიტიკური ცენტრის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) დირექტორმა და ენერგეტიკის დარგში ექსპერტმა, ბ-მა მურმან მარგველაშვილმა,.
მომდევნო შეხვედრებზე იგეგმება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების შეფასება წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების გამოყენებით და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის.

17-06-2021