„საქართველოს სამეზობლო: მიმდინარე მოვლენები და პროცესები.“

2021 წლის 26 თებერვალს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ვებინარი თემაზე „საქართველოს სამეზობლო: მიმდინარე მოვლენები და პროცესები.“ მსგავსი ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და ეძღვნება ლევან მიქელაძის ხსოვნას და დაბადების დღეს. წელს ეს ვებინარი მისი დაბადების 64-ე წლისთავის აღსანიშნად გაიმართა.
ვებინარი პანელური დისკუსიის ფორმატში შედგა, სადაც მოწვეულმა სპიკერებმა მიმოიხილეს საქართველოს მეზობელი ქვეყნებსა და, ზოგადად, რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათი გავლენა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემოდგომაზე მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვთარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, ჩამოყალიბება დაიწყო ახალმა სტატუს-კვომ, რაც საქართველოსთვის რისკებთან ერთად შესაძლებლობებსაც აჩენს. გამოცდილმა მოწვეულმა სპიკერებმა, რომლებსაც თავიანთი ხანგრძლივი პროფესიული კარიერის მანძილზე უშუალოდ მოუწიათ რეგიონის ქვეყნებში დიპლომატიური საქმიანობა, აგრეთვე მათი საექსპერტო და აკადემიური კუთხით შესწავლა, საინტერესო დაკვირვება და ინფორმაცია გაუზიარეს მსმენელებს ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ადეკვატური შეფასებისთვის აუცილებელია. საერთო მოსაზრებით, რაც ამ დისკუსიაზე გამოიკვეთა, აუცილებელია მსგავს ან სხვა ფორმატებში სისტემატური მსჯელობის და აზრთა ურთიერთგაცვლის გაგრძელება. ლევან მიქელაძის ფონდი თავისი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში მზად არის ხელი შეუწყოს ამ პროცესს.

27-02-2021