„საქართველოში არსებული კონფლიქტების ეკონომიკური საფასურ/არგუმენტი ტრანსფორმაციისთვის.“ - პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა.

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი ახორციელებს პროექტს „ვგეგმავთ ნაბიჯებს მშვიდობიანი მომავლისთვის“, რომლის ფარგლებში 28 იანვარს გაიმართა მეხუთე თემატური საექსპერტო დისკუსია. პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ეროვნული ფონდის (აშშ) ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს კონფლიქტის მხარეებს - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს - შორის ურთიერთობების ტრანსფორმაციის სხვადასხვა ასპექტის სიღრმისეულ გააზრებას და საერთო ხედვის შემუშავებას. შეხვედრას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თემატური დისკუსიის ფარგლებში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მოწვეულმა მკვლევარმა, ვახტანგ ჭარაიამ, წარადგინა პოლიტიკის დოკუმენტი „საქართველოში არსებული კონფლიქტების ეკონომიკური საფასურ/არგუმენტი ტრანსფორმაციისთვის.“ მომხსენებელმა დისკუსიის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტების შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალის, მათ შორის, ბიზნესის, სახელმწიფო სექტორის და იძულებით გადაადგილებული მოსახელობის დანაკარგების შესახებ. ასევე, განხილულ იქნა ტრანსფორმაციის საჭიროება ეკონომიკურ ჭრილში, გამოწვევების და სამომავლო პერსპექტივების ჩათვლით.
პოლიტიკის დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. ექსპერტებმა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს კონფლიქტების საფასურზე და არგუმენტებზე, რომელიც ამყარებს კონფლიქტების ტრანსფორმაციის საჭიროებას.
პროექტის ფარგლებში, საბოლოო ჯამში, ჩატარდა ხუთი თემატური დისკუსია. განხილულ იქნა საშინაო და საგარეო ფაქტორები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად გავლენას ახდენს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესზე, მათ შორის, გახლეჩილ საზოგადოებებს შორის მიმდინარე გაუცხოება, რუსეთის როლი, რეგიონალურ პოლიტიკაში ევროკავშირის ჩართულობის ზრდის მნიშვნელობა, ეკონომიკური გამოწვევები, შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და ახლადშექმნილი რისკები და შესაძლებლობები საქართველოს ეროვნული ინტერესების ჭრილში.

29-01-2021