"ასწავლე მაცნეს" შემაჯამებელი ღონისძიება

ა.წ. 3 მაისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პროექტის „ასწავლე მაცნეს“ შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტის მიზანს წარმოადგენდა უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციასთან ბრძოლის მიზნით რელიგიური ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით. პროექტი „ასწავლე მაცნეს“ არის 2016-2017 წლებში განხორციელებული პროექტის - "ასწავლე მაცნეს -ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები" ერთგვარი გაგრძელება, მაგრამ უფრო გაფართოებული ფორმატით. პროექტი განხორციელდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნმა არჩილ გეგეშიძემ და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილემ ქ-ნმა ფლორ ნუიტენ-ელზინგამ. 
ქვემო ქართლის და კახეთის მუსლიმ სასულიერო ლიდერებთან პროექტის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებზე ისაუბრა აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, იასინ ალიევმა; სამცხე-ჯავახეთის კათოლიკე მღვდლებთან შეხვედრები შეაფასა კათოლიკური სამრევლოს წინამძღვარმა, მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა, ხოლო აჭარაში ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა დასავლეთ საქართველოს მუფტმა, ბეგლარ ქამაშიძემ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში ჩატარებული სასწავლო შეხვედრების შედეგები და გამოწვევები განიხილეს პროექტის მიერ მოწევულმა ექსპერტებმა: ვახუშტი მენაბდემ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა საჯარო სამართლის მიმართულებით და მიხეილ მირზიაშვილმა - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოვიდნენ ასევე პროექტის „მაცნეები“: თოზუ გულმამედოვა და ოქტაი ისაევი, რომლებმაც ისაუბრეს პროექტის მიერ „მაცნეების“ მომზადების/დატრენინგების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე მათ თემში. 
შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლში, კახეთსა და აჭარაში მოღვაწე მუსლიმმა სასულიერო ლიდერებმა და სამცხე-ჯავახეთის ლათინური და სომხური წესის მღვდლებმა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დიდი მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს და ექსპერტს. ასევე, განსაკუთრებული მადლობა ლელა ლომიას თანამშრომლობისა და გაწეული მხარდაჭერისთვის.

3-05-2018