საჯარო ლექცია „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“

12 ნოემბერს, კლუბ „ფრონტლაინ“- ში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა ლექცია საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“. ლექცია წაიკითხა 2012-2014 წლებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა NATO-ში, ამჟამად, „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი“-ს დირექტორმა ბატონმა ლევან დოლიძემ. ლექციის ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის იმ მოლოდინებზე, რომლებიც გვაქვს მოახლოებულ ნატოს მინისტერიალთან და 2016 წლის ვარშავის სამიტთან დაკავშირებით. საუბარი ასევე შეეხო იმ გეოპოლიტიკურ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე.

ლექცია გაიმართა პროექტის „საჯარო ლექციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და ეროვნული უსაფრთხოების სირთულეებზე“ ფარგლებში, რომლის მიზანია სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკაში დაფუძნებული ორგანიზაციის „ლევან მიქელაძის სახელობის კავკასიური სწავლების ცენტრი“-ს მხარდაჭერით.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილია კიდევ მრავალი საინტერესო ლექცია: შემდეგი შეხვედრა გაიმართება 19 ნოემბერს, თემაზე „ საქართველო - ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირის გაფართოება“, რომელსაც ჩაატარებს მარიამ რაქვიაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

12-11-2015