პლენარული სხდომა „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“

30 მაისს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა პროექტის „ეროვნული კონვენცია ევროკავშირზე საქართველოში“ ფარგლებში გამართა პლენარული სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

შეხვედრის მიზანი იყო აუდიტორიისთვის საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების პროგრესის გაცნობა შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლების მიერ. გამომსვლელთა შორის იყვნენ, ბატონი პიტერ ბრეზანი - სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციის კვლევითი ცენტრის უფროსი მკვლევარი, ბატონი დავით ზალკალიანი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი გენადი არველაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ბატონი არჩილ ყარაულაშვილი - სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბატონი ლევან დადიანი - ოქსფამის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი, ბატონი გიორგი ვაშაყმაძე
- “White Stream-ის კასპიის მილსადენის კომპანიის“ კორპორატიული განვითარების დირექტორი და ქალბატონი ეკატერინე ბარამიძე - ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის განვითარების პროგრამის დირექტორი. სესიას მოდერაცია გაუწია ბატონმა ირაკლი მენაღარიშვილმა - ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ.

პლენარულ სხდომას ესწრებოდნენ არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

30-05-2016